25 აპრილი 2024,   14:59
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები და მთავარი მოთხოვნები - ოპოზიცია მმართველი გუნდისთვის გადასაგზავნ ტექსტზე შეთანხმდა

პოლიტიკური პარტიების ნაწილმა დღეს კონსულტაციები ედპ-ის ოფისში გამართა. 11 პარტია კიდევ ერთხელ შეთანხმდა, რომ მმართველ გუნდს, პირველ რიგში, 2 მთავარი საკითხი - პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოსთხოვოს.

ოპოზიცია წერილების წერაზე კიდევ ერთხელ მას შემდეგ გადავიდა, რაც პარასკევის შეხვედრის შემდეგ, მათ უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, შეთავაზება ელექტრონულად მიიღეს.

ქართული ოცნება ოპონენტებისგან მათი პოზიციის წერილობით ჩამოყალიბებას ითხოვს. იმის მიუხედავად, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციას საკუთარი აზრი არაერთხელ აქვს გამოხატული, ისინი უმრავლესობის შეთავაზებას დათანხმდნენ. 

ოპოზიციური პარტიების ერთობლივი მოთხოვნების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს ევროპული საქართველოც, რომლისთვისაც ასევე გაუგებარია, რამდენჯერ უნდა დააყენოს ხელისუფლებამ ერთი და იგივე მოთხოვნა. პარტიაში ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი ამით დროის გაწელვას ცდილობს.

ხელისუფლების თამაშის წესები გაუგებარია ლეიბორისტებისთვისაც. იმ შემთხვევაში, თუკი მმართველი გუნდი ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებს პროპორციული სისტემის გაუქმებისა და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესზე არ მიიღებს, მაშინ შალვა ნათელაშვილი ქვეყნაში უმართავი პროცესების დაწყებას არ გამორიცხავს.

საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს ოპოზიციისგან დემოკრატიული საქართველოს ლიდერი, ნინო ბურჯანაძეც.

ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდებიან რესპუბლიკელები, ახალი საქართველო და სახელმწიფო ხალხისთვის.

უმრავლესობა კი, რომელიც ოპოზიციის წინადადებებს ელოდება, ერთიან პოზიციაზე არ დგას. მმართველი გუნდის ნაწილი დარწმუნებულია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას შიდა განხეთქილება მოჰყვება.

 

დღის ამბები