19 აპრილი 2024,   22:26
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ჯარის ჩართვის საჭიროებას ვერ ხედავს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, კურიერთან აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბორჯომის ხეობაში საკმარისია შსს-ს დანაყოფების მუშაობა და ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჯარის ჩართვის საჭიროება არ არის.

მისი თქმით, საგანგებო შტაბი, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, მზად არის ყველა შესაძლო სცენარის მართვისთვის.

 „რაც შეხება სამხედრო შეიარაღებული ძალების ჩართვას, პრეზიდენტმა გამოსცა შესაბამისი აქტი, რომელიც დღეს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა. ჩვენ ერთხმად მხარი დავუჭირეთ ამ გადაწყვეტილებას. მათი გამოყენება ხანძრის კერის ლიკვიდაციისთვის ატენის ხეობაში უკვე მოხდა. ბორჯომის ხეობაში ამ ეტაპზე მობილიზებულია ათასზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენელი. ასევე რამდენიმე ასეული ადამიანი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიიდან არის ჩართული შესაბამისი ტექნიკით. თუ საჭირო იქნება ფიზიკური ძალის დამატებით ჩართულობა მიმდინარე რეჟიმში, ამ გადაწყვეტილებას საგანგებო შტაბი მიიღებს,“ - განცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებითვე, ხანძრის წინააღმდეგ ვერტმფრენების გამოყენება ხვალ დილიდან განახლდება.

„დასახლებული პუნქტების უსაფრთხოების ზომები კვლავ რჩება აქტუალური. ჩვენ ადგილზე გვყავს მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სახანძრო მანქანები, შესაბამისი რეზერვები,“ - განაცხადა თალაკვაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები