23 აპრილი 2024,   20:05
ვრცლად
ხანძარი კახეთის რეგიონში - ართანას ხეობასა და ყვარელში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს

24 საათზე მეტია, სოფელ ართანას ტყეში ძლიერი ხანძრის ჩაქრობას ავიაცია ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის ზონაში ქართული და ირანული ვერტმფრენები მეორე დღეა ცეცხლის სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობენ კერების ლოკალიზება ვერ ხერხდება. წინასწარი ინფორმაციით ამ დროისთვის 70 ჰექტარია დამწვარი.

რთული რელიეფის გამო ხანძრის კერებამდე ტექნიკის მობილიზება შეუძლებელია. მაშველები ადგილზე ორმოებს თხრიან იმისთვის, რომ ხანძრის კერები არ გავრცელდეს.

სოფელ ართანაში მეორე დღეა საგანგებო შტაბიც მუშაობს. ადგილზე ამ დრომდე რჩება შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ცეცხლის მოსახლობამდე გავრცელების საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს.

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი გამოძიება დაადგენს, თუმცა, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ტყეში ჩამოვარდნილი მეხისგან გაჩნდა.

2-დღიანი სამუშაოების შედეგად ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა ყვარლის რაიონში, სოფელ შილდაში. სტიქიის ზონაში 1 ჰექტარი ტყის მასივი და ბუჩქნარი დაიწვა. ადგილზე მაშველები ახლა ცეცხლის კერების ლიკვიდირებას ცდილობენ.

ყველაზე მძიმე ვითარება ამ დროისთვის ისევ სოფელ ართანას ტყეშია, სადაც ვერტმფრენებმა მუშაობა ხილვადობის გამო, ერთი საათის წინ დაასრულეს. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციას მაშველები და ავიაცია დილიდან გააგრძელებენ.

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები