„განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე, ვენეციის კომისიას დასკვნაზე არ გააჩნია განსხვავებული მოსაზრება, ეს არის უბრალო ტყუილი და ფარისევლობა,“ - ასე აფასებს „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე მმართველი გუნდის მზაობას, სექტემბრის ბოლოს კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით.
ნინო ბურჯანაძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს და ვენეციის კომისიის მდვნის, ტომას მარკერტის განცხადებებს იშველიებს. ჯანი ბუკიკიო იმედგაცრუებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუს ვერ მიაღწია.
ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს ერთპარტიულად კონსტიტუციის მიღებას საერთაშორისო თანამეგობრობა არ აპატიებს.
„როდესაც შენ აგზავნი ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის კონსტიტუციის პროექტს და შემდეგ ამ დასკვნაზე პასუხს არ ელოდები, ეს არის თავხედობა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ზოგადად, არ პატიობს ხოლმე პოლიტიკურ ძალებს. მითუმეტეს, ისეთ ქვეყანაში ისეთ ქვეყანაში, როგროც საქართველოა და მით უმეტეს, ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მართავს ჩრდილიდან ოლიგარქი,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.