„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა დღეს საკუთარი 7-პუნქტიანი პროგრამა წარადგინა. კახა კალაძემ ქალაქის ურბანულ განვითარებაზე, ავარიული შენობების პრობლემაზე, ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებაზე ისაუბრა.
მერობის კანდიდატის განცხადებით, თბილისის გენგეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, რომლის დამტკიცების შემდეგაც საბოლოოდ მოწესრიგდება ქალაქის განვითარების პრობლემა.
„ჩემი მერობის პირობებში დადგინდება სტანდარტები სამშენებლო, ეკოლოგიური, სატრანსპორტო და ყველა სხვა ძირითადი მიმართულებით. ჩვენი მიზანია განვითარება დაინახოს თბილისის თოთოეულმა მოქალაქემ და სიცოცხლით სავსე იყოს დედაქალაქის ყველა უბანი,“ - განაცხადა კახი კალაძემ.
კალაძის თქმით, უსახური შენობებისგან თავდასაცავად შეიქმნება სტანდარტები ფასადებისთვის. კალაძემ პროგრამაში პრიორიტეტად ძველი თბილისის რეაბილიტაციაც დაასახელა.