ოპოზიციურმა პარტიებმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს, ჯანი ბუკიკიოს, დღეს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს, ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას, საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის ჩაშლის ოპოზიციაზე გადმობრალება არ გამოუვა.
„ხელისუფლებას არ გამოუვა, რომ ჩაშლილი კონსენსუსი დააბრალოს ოპოზიციას. ოპოზიციური პარტიები მზად ვიყავით დიალოგისთვის ერთადერთი საკითხის გათვალისწინებით, რომ დაბრუნებოდა კონსტიტუცია იმ მოცემულობას, რომლითაც დაიწყო საერთოდ ეს პროცესი, რომელმაც გაიარა სახალხო განხილვები და, რომელიც კანონიერი იყო სწორედ ამ პროცედურების დაცვით,“ - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანმა, ნინო გოგუაძემ.
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, ფიქრობს, რომ ვენეციის კომისიაში ინფორმირებულები უნდა იყვნენ იმის თაობაზე, რომ რეალური ფაქტები განსხვავდება მმართველი გუნდის მიერ აღწერილი სიტუაციისგან.
„ევროპამ უნდა იცოდეს, რომ ყველა არ ფიქრობს საქართველოში ისე, როგორც საქართველოს დრევანდელი ხელისუფლება. ეს ერთი და მეორე - ძალიან დიდი დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს ეს კონსტიტუცია, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო იყო ევროპული ინტეგრაციის კუთხით, გარკვეული მონიტორინგის ქვეშ. ვენეციის კომისია იყო სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც ამ მონიტორინგის მოხსნის საჭიროებასაც კი ხედავდა. საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ეჭვქვეშ დააყენა ჩვენი ინტეგრაციის. მინიმუმ. ტემპი,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.