20 აპრილი 2024,   16:52
ვრცლად
ე.წ. ციანიდის ხმაურიანი საქმის ხმაურიანი დასასრული - ორივე მხარე უკმაყოფილოა და ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს

ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე მსჯავრდებული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ განაჩენში ანგარების მოტივი შურისძიებამ ჩაანაცვლა, დეკანოზს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა, თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენის გამოცხადების დროს სასამართლოს დარბაზი მამა გიორგი მამალაძის  მრევლმა და ახლობლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში მუხლის გადაკვალიფიცირების გასაჩივრებას გეგმავს, რათა მამა გიორგი ციხეში 16-ზე მეტი წლით ჩასვან.

დეკანოზის ადვოკატები, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მოსამართლე ბუგიანიშვილის გადაწყვეტილება, დანაშაულის დაგეგმვის მოტივთან დაკავშირებით, ალოგიკურია და მამა გიორგი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის, წინაღმდეგ შურისძიებას არ გეგმავდა.

საქმის მასალების მიხედვით, გიორგი მამალაძეს ციანიდი გერმანიაში უნდა გადაეტანა, რათა პატრიარქის მდივან-რეფერენტი ბერლინში იმ დროს მოეწამლა, როდესაც შორენა თეთრუაშვილი ილია მეორეს, მაღალი იერარქიის სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ოპერაციის შემდეგ მეთვალყურეობდა. დეკანოზს ციანიდი საზღვარზე არ გადაუტანია. ის აეროპორტში შესვლამდე დააკავეს.

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, საკუთარ ანგარიშში იმ ფაქტებზე მიუთითებს, რომლითაც, მისივე მტკიცებით, ციანიდის საქმეზე სხვადასხვა სახის დარღვევები დაფიქსირდა.

ბრალდების მხარე ციანიდის საქმეზე კიდევ ერთ გამოძიებას აწარმოებს, რათა დაადგინონ თანამონაწილე პირთა წრე და ადგილი სადაც დეკანოზმა ციანიდი იყიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები