20 აპრილი 2024,   13:43
ვრცლად
თუ იცვლება ხელისუფლებაში პარტია, იცვლება ბიზნესმენების შეხედულებაც - ოპოზიცია შემოწირულობებზე

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აგვისტოში შემოწირულობების მიღებით „ქართული ოცნება“ ლიდერობს. მეტიც, მმართველი გუნდის შემოწირულობები ყველა დანარჩენი პარტიის მიერ მიღებულ თანხებს რამდენჯერმე აღემატება.

ოპოზიცია მთავარ მიზეზად, ბიზნესის დაშინებას ასახელებს და ასევე, სახელმწიფოსთან გარიგებულ კომპანიებზე საუბრობს. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძვის და ამაზე დიდი ოდენობით თანხას ხარჯავს.

„ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ ფული არის ყველაფერი და ხალხი არის არაფერი. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ხალხი არის ყველაფერი და ფული არის არაფერი,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან თარხნიშვილის აზრით, არავის სჯერა, რომ საქართველოში ისეთი ეკონომიკურად კარგი მდგომარეობაა, რომ ყველას „ქართული ოცნებისთვის“ თანხის ჩარიცხვის სურვილი აქვს.

„არის გარკვეული ზეწოლა ბიზნეს სექტორზე, რაც არ აძლევს მას საშუალებას, რომ მისცეს შემოწირულობა და დაფინანსება ოპოზიციურ პარტიებს და ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევები, რომ ბიზნესმენს გამოუთქვამს სურვილი, თუმცა, შემდეგომ ბოლო ეტაპზე შეუკავებია თავი,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მყოფ გუნდს გარკვეულ ბიზნესმენთა ჯგუფი აფინანსებს, რომლებიც საკუთარ შეხედულებებს ხელისუფლების ცვლილების მიხედვით ცვლიან. საბოლოო ჯამში კი, მისი აზრით, ყველა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღება.

„თუ იცვლება ხელისუფლებაში პარტია, იცვლება ბიზნესმენების შეხედულებაც, ვინ უნდა დაფინანსდეს. ერთი ადამიანის ნებართვის გარეშე ეს არ ხდება. არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არის გარკვეული პარტიები, რომლებიც ასევე იღებენ შემოწირულობას, თუ ეს ასე არ არის და თავისუფალია გარემო და თავისუფლები არიან ბიზნესმენები საკუთარ გადაწყვეტილებაში, ღია ვართ ჩვენ ამ შემოწირულობისთვის და გვაჩვენონ, რომ ეს არის თავისუფალი და არ არის კონტროლირებადი ერთი ადამიანის მხრიდან,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები