24 აპრილი 2024,   23:41
ვრცლად
სისხლიანი თავდასხმა თბილისის ცენტრში - დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა 

თბილისის ცენტრში, მეუღლის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა ამ დროისთვის ძალიან მძიმეა. შმაგი ტურაშვილმა საკუთარ მეუღლეს თეა თიელიძეს „პიქსელის“ შენობასთან 9 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, თავი დაიზიანა. თავდამსხმელის დაკითხვას პოლიცია რამდენიმე დღეში შეძლებს და უკვე ამის შემდეგ გაირკვევა დანაშაულის რეალური მიზეზები. ამ ეტაპზე სამართალდამცველები ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილ დანაშაულზე საუბრობენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცმა თვით დაზიანება მეუღლის დაჭრის შემდეგ მიიყენა. „პიქსელის“ დაცვის თანამშრომელს თეა თიელიძეს საკუთარი ქმარი დანით თავს სამსახურში დაესხა. თვითმხილველები ამბობენ, რომ დაჭრამდე მამაკაცი გოგონას ეჩხუბებოდა კიდეც, თუმცა მიზეზი ვერ გაარკვიეს.

სამართალდამცველები ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას უკვე ამოღებული აქვს დანაშაულის იარაღი, დანა. დაჭრილებს სასწრაფო ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაუკეთეს.

თავდასხმის მიზეზზე თეა თიელიძის ნათესავებს ამ ეტაპზე საუბარი უჭირთ. თეა თიელიძე და შმაგი ტურაშვილი გორის რაიონის სოფელ ზერტში ცხოვრობენ. მეზობლები მათ ოჯახს დადებითად ახასიათებენ, ამბობენ რომ ცოლ-ქმრის კონფლიქტის შესახებ არაფერი სმენიათ. დაზარალებულიც და თავდამსხმელიც დაცვის კომპანია “ალგანის“ თანამშრომლები არიან. კომპანიაში ამბობენ, რომ დღემდე ცოლ-ქმარს შორის უთანხმოების შესახებ არ გაუგიათ.

ქმრის მიერ ცოლის დაჭრის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. მომხდარს სამართალდამცველები ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით სწავლობენ.

დღის ამბები