25 აპრილი 2024,   03:19
ვრცლად
სამუშაოები ბიძინა ივანიშვილისთვის - გურიაში ახალი მაგისტრალი გაყავთ

გურიაში ოზურგეთი-ურეკის მთავარ დამაკავშირებელ მაგისტრალს მიმართულებას უცვლიან. ადგილობრივები ყვებიან, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაა, რადგან მიმდებარე ტერიტორია - მთავარი გზა, მისი მარჯვენა მხარე და ადგილზე არსებული ტანმაღალი ხეები ივანიშვილს ეკუთვნის.

სამუშაოებში ჩართული მუშები ყვებიან, რომ ცენტრალური საავტომობილო გზის მიმართულების შეცვლა სახელმწიფო დაკვეთით ხდება, თუმცა, საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ არ იციან, ვინ და რა მიზნით აშენებს ახალ გზას გურიაში.

გზასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის გიგანტური ხეების გალავნის შიგნით მოქცევას, როგორც ირკვევა, რკინიგზის ბაქანიც უშლიდა. შესაბამისად, წვერმაღალას სადგური დაშალეს და 100 მეტრში ახალი ააშენეს.

სამუშაოებს კვლავ კომპანია „ზიმო“ ასრულებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის არა ერთი ასწლოვანი ხე აქვს გადატანილი. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ მატარებლის ბაქანის გადატანას ყოფილ პრემიერთან კავშირი არ აქვს.

ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები ცენტრალურ მაგისტრალთან წამოწყებული კედლის და ალტერნატიული გზის მშენებლობას მიუღებლად მიიჩნევენ. ისინი ბუნებრივ რესურსებზე აუნაზღაურებელი ზიანის მიყენებაზე, სახელმწიფო რესურსების უკანონო გამოყენებასა და დანაშაულებრივ ქმედებებზე მიუთითებენ.

ავტორი: ლადო მენაბდე

 

დღის ამბები