20 აპრილი 2024,   05:16
ვრცლად
საქართველოს კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სავარაუდოდ, არ აისახება

საქართველოს კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის საბოლოო რეკომენდაციები სავარაუდოდ, არ აისახება. მმართველ გუნდში დღეს განაცხადეს, რომ უმრავლესობა კონსტიტუციის მიღების ვადებს არ ცვლის და „ქართული ოცნების“ პროექტი ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელსაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს.

სამოქალაქო სექტორმა დღეს კიდევ ერთხელ მიმართა ხელისუფლებას და მოთხოვა, დოკუმენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნებამდე, საბოლოო მოსმენით არ მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, რომ დოკუმენტის ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, მმართველი პარტია ვენეციის კომისიის არა საბოლოო, არამედ წინასწარ დასკვნას დაელოდება და კენჭისყრას საკონსტიტუციო ცვლილებებზე ამის შემდეგ გამართავს.

ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის საერთაშორისო რეპუტაციის შელახვის კიდევ ერთ წინაპირობად აფასებენ. უმცირესობაში დარწმუნებული არიან, რომ მმართველი პარტია ვენეციის კომისიის არცერთ შენიშვნას არ გაითვალისწინებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ უმრავლესობამ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ამომრჩეველი, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაც მოატყუა.

ავტორები: თამთა ჯიქია, ნატა კვირჩილაძე

დღის ამბები