25 აპრილი 2024,   17:56
ვრცლად
ქართული მხარე ამ პროცესში აგებს - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი უკრაინა-საქართველოს გააქტიურებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ორი ქვეყნის ხელისუფლებების გააქტიურებას, უფლებადამცველები პოლიტიკური მოტივებით ხსნიან და 10 სექტემბრით გამოწვეულ შიშს უკავშირებენ.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ნიკოლა ნიდილკოვი ფიქრობს, რომ ქართული მხარე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნის პროცესში აგებს.

„თუ ქართული მხარე ამბობს რომ ისინი არ არიან ინიციატორები მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში ექსტრადიციის, ეს ნიშნავს, რომ ქართული მხარე ამ პროცესში აგებს, მათ კარგად ესმით, რომ ეს უკანონოა და ამ გზით ცდილობენ, მოიხსნან როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მაგრამ რატომ მიდის ქართული მხარე ასეთ ნაბიჯზე? ეს არის რუსეთის გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე იმ მიზნით, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჩამოშორება საერთაშორისო პოლიტიკური ასპარეზიდან და შესუსტდეს მისი გავლენა უკრაინის როგორც საშინაო, ისე საგარეო გავლენაზე,“ - განაცხადა ნიკოლა ნიდილკოვმა.

მისი აზრით, უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებები ბოლო პერიოდში გააქტიურებას ნაჩქარევ გადაწყვეტილებებამდე მიჰყავს.

„უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლების ახლა გააქტიურება იმის შედეგია, რომ მოხდა გაცნობიერება იმის, რომ 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნება, გარდაუვალია. ამის გამო, სიჩქარეში მათ გადაწყვიტეს მანიპულაცია დოკუმენტებით,“ - განაცხადა ნიკოლა ნიდილკოვმა.

მიხეილ სააკაშვილის მოძრაობა РУХ-ის იურისტი, პაველ ბოგომაზოვი აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც უკრაინიდან საქართველოში უნდა მოხდეს მოქალაქის ექსტრადირება, ამის შესახებ მოთხოვნა საქართველოდან უნდა მოდიოდეს და არა უკრაინის მხრიდან.

„კოდექსის თანახმად, ინიციატივა უკრაინიდან საქართველოში პირის ექსტრადირებაზე უნდა მოდიოდეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს მოთხოვნა არ უნდა იყოს მოგონილი და უნდა იყოს გამყარებული არგუმენტებით,“ - აცხადებს პაველ ბოგომაზოვი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ექსტრადირების შესახებ დოკუმენტები უკრაინას, კიევის ოფიციალური შეკითხვის შემდეგ გაუგზავნა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები