პოლიტიკური მოძრაობა „ახალი საქართველოს“ წევრების მიერ, ირაკლი ჩხვირკვიას გათავისუფლების მოთხოვნით, პროკურატურისთვის პეტიციით მიმართვას პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრი კობა ნარჩემაშვილი ეხმაურება.
ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ჩხვირკვიას გათავისუფლების მოთხოვნას, ხელს 20-მდე ოპოზიციური პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა აწერს.
კობა ნარჩემაშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკურმა ძალებმა და ორგანიზაციებმა სასამართლო განხილვის საქმეში ჩარევისგან თავი უნდა შეიკაონ.
„ზოგადად ძალიან სახიფათოა სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ამგვარ მოქმედებებს, პრაქტიკულად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთ დესტრუქციულ მოქმედებებს ადგილი არ ქონია. რაც შეეხება თვითონ არსებითად მასთან მიმართებაში საკითხს, მე მიმაჩნია, რომ მაშინ როცა სამართალწარმოება მიდის ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა სასამარლთოშია საკითხი, ყველამ თავი უნდა შევიკაოთ სასამართლო განხილვის საკითხებში ჩარევისგან, მათ შორის პოლიტიკურმა ძალებმა და ორგანიზაციებმა,“ - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
პეტიციის ავტორები, ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული, ირაკლი ჩხვირკვიას პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.