24 აპრილი 2024,   00:50
ვრცლად
პირდაპირ ადამიანს მოვარგეთ კონსტიტუცია - სააკაშვილი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე საუბრისას საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბრალეულობაზეც საუბრობს.

„ერთი მასალისგან არის გაკეთებული ყველა ოლიგარქი, ტყუილი, უკიდურესი უტიფრობა, სითავხედე, ქურდობა პირდაპირი,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.  

„არჩევანის“ ეთერში, მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დაკარგა.

„საფრანგეთის და სან მარინოს მოქალაქეობა ჰქონდა აღებული და ამის შესახებ თვითონ განაცხადა. თვითონ რომ არ განეცხადებინა, ჩვენ ვიცოდით, მაგრამ ამას არ ვაფიშირებდით. იძულებული ვიყავით ჩამოგვერთმია მოქალაქეობა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ცვლილებები „იძულებითი“ წესით, სწორედ ივანიშვილის გამო შევიდა.

„შევცვალეთ საქართველოს კონსტიტუცია, რომ არავის არ ეთქვა, რომ ოპოზიციის ლიდერს ჩამოართვეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და დავუშვით, რომ ევროკავშირის მოქალაქეს, ე.ი. ივანიშვილს, პირდაპირ ადამიანს მოვარგეთ კონსტიტუცია, ჰქონოდა უფლება არჩეულიყო,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან პარალელი გაავლო უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან და აღნიშნა, რომ პოროშენკო მსგავს გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

მისი თქმით, ივანიშვილის მიზანი რუსეთის საქართველოში შემოსვლა იყო, რის გამოც, არაერთი არეულობა მოაწყო მმართველმა გუნდმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში ივანიშვილის ბიზნესის განვითარების მიზნით, სხვადასხვა ქმედება ხორციელდება, მათ შორის, ბაზრობების გადაწვა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მის მიერ დაწყებული პროექტები აღარ გააგრძელა. 

სააკაშვილმა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "უნდა გაიმარჯვოს იმ ხალხმა, ვინც შექმნა თბილისის განვითარებაში ყველაზე დიდი ბუმი".

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მმართველი გუნდი დღეს რეალურად არ ზრუნავს რეგიონებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მოგვარებაზე.

„ეს არჩევნებიც არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ვუთხრათ ამ გადამწველებს, დამანგრევლებს, დამპაუზებლებს, გამჩერებლებს და უბრალოდ, მავნებლებს, რომლებიც მოვლენილნი არიან იმისთვის, რომ შეასრულონ მტრის ნება ქართული სახელმწიფოს ნიველირების, განადგურების და ამ იდეის მოკვლის, ვუთხრათ მყარად უარი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები