25 აპრილი 2024,   20:42
ვრცლად
უნიკალური ხეების გაჩეხვა სურამში - დაკავებულები გამოკითხვაზე არიან გადაყვანილები

სურამის ტყეში უნიკალური ხეების გაჩეხვის ფაქტი დაფიქსირდა. სამართალდამცავებმა დღეს რამდენიმე პირი ხეების ჭრის ფაქტზე დააკავა.

დანაშაულში ეჭვმიტანილებმა 1 კვირის განმავლობაში უკვე 200-მდე ძირის მოჭრა მოასწრეს, გაამზადეს და დიდი ნაწილი ტყიდან გაიტანეს კიდეც.

ადგილობრივების თქმით, ხის მჭრელები სურამის ტყეში სავარაუდოდ, დღისით მუშაობდნენ, რადგან ღამით ხმაურის გამოწვევას ერიდებოდნენ. სურამელების ნაწილი შიშობს, რომ ხეების გაჩეხვის კვალის დაფარვის მიზნით, შესაძლოა ტყეში ხანძარიც გაეჩინათ, რასაც უკვე აუნაზღაურებელი შედეგი მოყვებოდა.

რამდენი უნიკალური ხის მოჭრა მოასწრეს დანაშაულში ეჭვმიტანილებმა ზუსტი რაოდენობა, უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ბორჯომში ცხოვრობენ და მოჭრილ ხეებსაც მეზობელ რეგიონში ამუშავებენ.

დღეს დაკავებული პირები 2 დღის წინ შეშის უკანონო გადაზიდვისთვის ადმინისტრაციულად დაჯარიმდნენ.

ფაქტზე დაკავებული პირები ამ დროისთვის გამოკითხვაზე ხაშურის პოლიციაში იმყოფებიან. ადგილობრივები შიშობენ, რომ ხანძარს გადარჩენილ უნიკალურ ტყეში ხეების გაჩეხვის გაგრძელების შემთხვევაში მიმდებარე ტერიტორიას კიდევ ერთი სტიქია, მეწყერი ემუქრება.

ავტორი: იზო ჩუბინიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები