26 აპრილი 2024,   00:45
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი რამდენიმე საათში გაირკვევა - ინტერვიუ მის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით

ხვალ, თბილისის დროით სამ საათზე, ცნობილი გახდება, შეუშვეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე, თუ დააკავეს და საქართველოში ექსტრადირებისთვის ამზადებენ. სააკაშვილი უკრაინაში შესვლას პოლონეთიდან შეეცდება.

უკრაინელი ოპოზიციონერების ნაწილი, მათ შორის იულია ტიმოშენკო, ხვალ, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ხვალ დღის 12 საათზე გეგმავს მისვლას. მასთან ერთად იქნებიან, როგორც უკრაინული ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე ევროპარლამენტის წევრები, ჟურნალისტები და მისი მხარდამჭერები.

მიხეილ სააკაშვილი სასაზღვრო პუნქტის გადალახვას მის მხარდამჭერებთან, დეპუტატებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად აპირებს. მასთან ერთად იქნებიან მისი ოჯახის წევრებიც.

გარდა ამისა, პოლონეთში ყოფნის დღეს მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრები გამართა. ის შეხვდა, როგორც პოლონელ პოლიტიკოსებს, ასევე პოლიტიკოსებს აშშ-დან.

„პოლონური მხრიდან ჩვენ დაბრკოლებები არ გვექნება. ძალიან დიდი ზეწოლა იყო უკრაინული მხრიდან პოლონეთზე, რომ პოლონელებს არ გავეტარებინეთ და პოლონელებმა მომცეს ყველა გარანტია, რომ არანაირი პრობლემა გატარებაზე არ იქნება. დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ჟესტია პოლონელებისგან. ყველა ქვეყანა შეიძლება, ასე არ მოქცეულიყო,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს ის ვითარება, რაც ამ დროისთვის უკრაინა-პოლონეთის საზღვართან უკრაინის მხრიდან არის შექმნილი, არ უკვირს.

მიხეილ სააკაშვილი აპირებს, რომ უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მშვიდობიანად მივიდეს, დაბრუნდეს უკრაინაში და მშვიდობიანი გზით იბრძოლოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად.

„ის კაცი, ვინც იმუქრებოდა, რომ გაისროდა, გუშინ იყო პოროშენკოსთან შეხვედრაზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააფიქსირეს და აღიარა, რომ პოროშენკოსთან იყო შეხვედრაზე. დღეს, რამდენადაც მესმის, ლვოვში ჩავიდა და არა მგონია, რომ შემთხვევითი დამთხვევა იყოს წინა დღეს ლვოვში ჩასვლა. რა თქმა უნდა, შეკრიბეს თათბირი. მათ ეშინიათ, რომ შემსრულებლები არ შეასრულებენ იმიტომ, რომ კანონი ირღვევა და უხეშად არის დარღვეული. ამ ყველაფერს დაესწრება უკრაინის სასაზღვრო ძალების ხელმძღვანელი, რამდენად ვიცი. მესაზღვრეებს არ უნდათ, რომ მათ გადააბრალონ და შეაწმინდონ ხელები. ვნახოთ, როგორ მოიქცევიან. მე, ზოგადად, უკრაინელ მესაზღვრეებთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა. წინასწარ იქ ვიღაც გოგოები მოამზადეს. ვიღაც სიმპათიური გოგო უნდა დამხვდეს, ოღონდ მკაცრი უარით. როგორმე უკრაინელ სიმპათიურ მესაზღვრე გოგოსაც გავუმკლავდებით,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

დღის ამბები