24 აპრილი 2024,   19:37
ვრცლად
სააკაშვილს უკრაინის საზღვარზე მხარდამჭერები დროშებით, პოროშენკო კი მავთულხლართებით ხვდება

სააკაშვილს უკრაინის საზღვარზე მხარდამჭერები დროშებით, პოროშენკო კი მავთულხლართებით ხვდება. კრაკოვეცის საავტომობილო გამშვებ პუნქტთან ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ დაქირავებული ე.წ. ტიტუშკები გვიან ღამით ტერიტორიაზე ისევ მივიდნენ და გარკვეული პროვოკაციების მოწყობა სცადონ.

საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. შეყვანილია დამატებითი საპოლიციო ძალები და ასევე საზღვრის დაცვის ინსპექტორები.

გავრცელებული ცნობით, საზღვარზე შიგნით, ხელისუფლებას მობილიზებული ჰყავს ჯავშანტექნიკა და ასევე სპეცდანიშნულების რაზმის წევრები.

გარდა ამისა, საზღვარზე რამდენიმე რიგად არის გავლებული მავთულხლართები, საიდანაც რამდენიმე მეტრში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ბანაკია გაშლილი. ისინი მთელი ღამის განმავლობაში კარვებში გატარებას აპირებენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერთა განცხადებით,  უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის ტერიტორიაზე არშეშვების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

„კუნთმაგარი, გონებაჩლუნგი ადამიანებით უკრაინა არ მივა ნორმალურ დასასრულამდე და არც საქართველო. როცა ადამიანს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უკრაინაში, საზღვარი ვალდებულია, გამოატარონ, მისცენ მას დროებითი მოწმობა და დაიცვას თავის უფლება სასამართლოში. არ შეიძლება, ადამიანი დატოვო მოქალაქეობის გარეშე და წაართვა უფლება, რომ სასამართლოებში იბრძოლოს,“ - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, პაველ ბოგომაზოვმა.

„უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების თანახმად, ადამიანს, რომელიც აგრძელებს უკრაინის ტერიტორიაზე მუდმივ ცხოვრებას და, რომელიც ხელისუფლებას, თუმცა მოქალაქეობის არმქონე პირად მიაჩნია, აქვს უფლება, გადმოკვეთის პოლონეთის საზღვარი და უკრაინის ტერიტორიაზე შემოვიდეს. თუ ხვალ რაიმე ისე არ მოხდა, ეს ყველაფერი ფარსი და უკრაინის კანონმდებლობის დარღვევა იქნება,“ - განაცხადა პაველ ბოგომაზოვმა.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მოითხოვენ, რომ მათ ბანაკთან დაცვა დააყენონ, რათა ღამით პროვოკაციებს არ ჰქონდეს ადგილი. ისინი აცხადებენ, რომ ადგილზე დარჩებიან მანამ, სანამ უკრაინის ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან 6 მიკროავტობუსით ე.წ. ტიტუშკები გამოჩდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ იყვნენ სპორტსმენები და უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ექსკურსიით იმყოფებოდნენ.

დღის ამბები