თბილისში ერთმანეთს ორი კრიმინალური დაჯგუფება დაუპირისპირდა. გუშინ დედაქალაქის ცენტრში მოკლული აზერბაიჯანელი მამაკაცი შესაძლოა, შურისძიების მსხვერპლი იყოს.
პოლიცია რამდენიმე ადამიანს ეძებს.
გავრცელებული ვერსიით, ელშან მამედოვს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა. შეირაღებული თავდასხმის ერთ-ერთი მოტივი 2017 წლის აპრილში სტამბოლში მომხდარი მკვლელობაა.
კურიერის წყაროს ინფორმაციით, თურქეთში მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, როვშენ ლენკაკარანსკის, ლიკვიდაციის გამო კრიმინალურმა სამყარომ კიდევ ერთ აზერბაიჯანელ კრიმინალურ ავტორიტეტს - გული ბაკინსკის, სამაგიერო გადაუხადა. თბილისში მოკლული მამედოვი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, სწორედ გული ბაკინსკის მარჯვენა ხელი იყო.
გარდაცვლილი, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიდა, თბილისში დაგეგმილ შეხვედრას დათანხმდა, 11 სექტემბერს პურის სახლთან მას პისტოლეტი ჰქონდა, მანქანა კი, რომლითაც გადაადგილდებოდა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღით იქირავა.
ვის შეხვდა მსხვერპლი რესტორანში, რაზე ისაუბრეს და რატომ ესროლეს მას რამდენჯერმე ხალხმრავალ ადგილას, უცნობია და საქმეს სამართალდამცველები იძიებენ.