19 აპრილი 2024,   10:32
ვრცლად
რუსთავის მერობის კანდიდატები პრემია-დანამატების საკითხზე საუბრობენ

„თუ ადამიანი ასრულებს სამუშაოს და არის პროფესიონალი, პრემია-დანამატებთან მიმართებაში, არ უდნა იყოს განსხვავებული აზრი, თუმცა, ეს უნდა იყოს სამართლიანი,“  - ამგვარად ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა რუსთავში, ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალის ჟურნალისტის, მანონი ბოკუჩავას, შეკითხვას არჩევანის პირდაპირ ეთერში უპასუხა.

ირაკლი ტაბაღუას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მას რუსთავის მერად აირჩევენ, საზოგადოებას, პრემია-დანამატების გაცემასთან დაკავშირებით, შეკითხვებია არ გაუჩნდებათ.

ბიუჯეტის ხარჯებზე ასევე ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა, ზურაბ მაისურაძემ, ისაუბრა. მისი თქმით, რუსთავის თვითმმართველობის თანამშრომლებს ძვირადღირებული მანქანები აღარ უნდა მოემსახუროს და არსებული ავტოპარკი გაიყიდოს და მოსახლეობას მოხმარდეს.

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატის, ნინო იმედაშვილის, განცხადებით, დღეს ქართული ოცნების ბიუროკრატიული ხარჯი ძალიან დიდია.

„რუსთავში ბიუჯეტის 21% მიდის ბიუროკრატიულ ხარჯზე და დიახ, ეს არის 200%-იანი პრემიები მაშინაც კი, როდესაც შვებულებაში არიან,“ - განაცხადა ნინო იმედაშვილმა.

პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატის, გელა ნაკაშიძის, განცხადებით, მაღალი პრემიების ტენდენცია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც შეინიშნებოდა და ახლაც აქტიურად გრძელდება.

„ჩემი გამარჯვები შემთხვევაში, არ იქნება პრემია-დანამატები. პირველ წელს, მე ამ ფულს ავიღებ და ინფრასტრუქტურისა და კულტურის განვითარებაში ჩავდებ,“ - განაცხადა გელა ნაკაშიძემ.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მერობის კანდიდატი, ჯაბა დუგლაძე, აცხადებს, რომ ბიუჯეტი თითოეულ მოქალაქეზე უდნა იყოს ორიენტირებული. ის ფიქრობს, რომ სამსახურები შედარებით იაფიანი მანქანებით უნდა დაკმაყოფილდეს.

ლეიბორისტული პარტიის რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, გიორგი გზირიშვილი, ფიქრობს, რომ პრემია-დანამატების სრულიად გაუქმება მიუღებელი იქნება, რადგან, როდესაც ადამიანი კარგად მუშაობს და ამას იმსახურებს, შრომა უნდა დაუფასდეს.

„არ გამიგია 12-ჯერ აიღოს ადამიანმა აიღოს წელიწადში პრემია-დანამატი,“ - განაცხადა გიორგი გზირიშვილმა.

დღის ამბები