19 აპრილი 2024,   18:18
ვრცლად
რუსთავის მერობის კანდიდატები ქალაქის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით საკუთარ გეგმებზე საუბრობენ

არჩევანის ეთერში რუსთავის მერობის კანდიდატები ქალაქის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით საკუთარ გეგმებზე საუბრობენ.

ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატი, ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის ბიუჯეტის ზრდაზე საუბრობს. ინფო-რუსთავი-ს ჟურნალისტმა, გიორგი ჩომახაშვილმა, არჩევანის ეთერში მერობის კანდიდატს ჰკითხა, თუ როგორ გეგმავს რუსთავის ბიუჯეტის გაზრდას.

მერობის კანდიდატის განცხადებით, პირველ რიგში იგეგმება ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა.

„ბიუჯეტის გარდა, ამ მიმართულებით გაზრდა დამოკიდებულია იმ ქონების გაზრდასთან დაკავშირებით, რითიც შეიძლება, მოახდინოს სტიმულირება რუსთავის ბიუჯეტმა იმ მოსაკრებლების დაწესებით, რაც საშუალებას მოგვცემს ადგილობრივი ბიუჯეტის გაზრდის,“ - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ირაკლი ტაბაღუამ ასევე სოციალურ პრობლემებზე საუბრისას აღნიშნა, რომ კიდევ უნდა მოხდეს იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც სოციალურ დახმარებას საჭიროებს.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსთავში სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება.

ენმ-ის რუსთავის მერობის კანდიდატმა, ზურაბ მაისურაძემ, აღნიშნა, რომ სპორტის სასახლის მშენებლობის იდეა დავით ჯიქიას საარჩევნო პროგრამაში იყო.

მან რუსთავის ბიუჯეტის გაზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის განმსაზღვრელი ინვესტიციების განხორციელებაა.

„ეს არის ყველაზე რეალური და ნამდვილი გზა. მოსაკრებლების გაზრდით არ მგონია, რომ  ბიუჯეტს დიდი რამე შეემატოს ამით, სამაგიეროდ ინვესტორებს დავკარგავთ და საერთოდ მოსახლეობის უკმაყოფილებას შევიძენთ,“ - განაცხადა ზურაბ მაისურაძემ.

ევროპული საქართველოს წევრი, ნინო იმედაშვილი, აცხადებს, რომ ინვესტორების ნაკლებობას არაკომპეტენტური მთავრობის ყოლა განაპირობებს რუსთავში.

„ინვესტიციას მოტივაცია სჭირდება და მერია იქნება მოტივაციის გარანტორი და თანადამფინანსებელი ამ პროექტების, რაც დღეს არ არის,“ - განაცხადა ნინო იმედაშვილმა. 

დღის ამბები