24 სექტემბერი 2017,   19:50
ვრცლად
მამაკაცის ცხედარი რომელმაც ყაჩაღობის მცდელობისას თავი მოიკლა პროზექტურაში გადაასვენეს 

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, რომელმაც ყაჩაღობის მცდელობისას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, საქართველოს ბანკის ფილიალიდან პროზექტურაში გვიან საღამოს გადაასვენეს.

ადგილზე რჩებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, თუმცა მედიასთან განმარტებები ამ დრომდე არ გაკეთებულა. 30 წლამდე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი ბანკში პოლიციის სპეცოპერაციის მიმდინარეობისას მოიკლა.

საქართველოს ბანკის თანამშრომლების ინფორმაციით, ნიღბიანმა თავდამსხმელმა სალაროდან გარკვეული რაოდენობის თანხის აღება მოასწრო, მაგრამ სამართალდამცველებს ვეღარ გაექცა.
რამდენიმე საათით ადრე ის ასევე წერეთლის გამზირზე მდებარე TBC ბანკის ფილიალშიც შეიჭრა.

თანხის წაღების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა მამაკაცმა პოლიციელებისგან გაქცევა პირველ შემთხვევაში შეძლო.

გამოძიება ორივე ფაქტზე 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები