მოქალაქეობის ჩამორთმევა, როგორც შანსი - მიხეილ სააკაშვილის გაძლიერებას პეტრო პოროშენკოს შეცდომების შედეგად მიიჩნევენ თბილისში ექსპერტები. ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ მესამე პრეზიდენტის ირგვლივ რეიტინგული ოპოზიციური ფიგურების გაერთიანების მნიშვნელობას.
„მოქალაქეობის ჩამორთმევით სააკაშვილმა მიიღო შანსი და გამოიყენა როგორც შანსი. მოკლევადიან პერსპექტივაში ის გაძლიერდა, გაძლიერდა იმით რომ აჩვენა პოროშენკოს სისუსტე და არაეფექტურობა, გაძლიერდა იმით, რომ ფაქტობრივად გვერდით დაიყენა ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ფიგურები, ტიმოშენკოც და სადოვიც. პრაქტიკულად მის გარშემო ხდება ოპოზიციური ალიანსის კრისტალიზაცია. ეს არის სააკაშვილისთვის მიღწევა და პოროშენკო 10 სექტემბერს იყო ცალსახად დამარცხებული,“-განაცხადა გია ნოდიამ.
ექსპერტების განმარტებით, შეგინის გამშვებ პუნქტზე განვითარებული მოვლენების საფუძველზე დაწყებულმა სამართლებრივმა პროცედურებმა ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაც.
„პოროშენკომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიეღო ის მძიმე შედეგი, რომელიც დღეს დადგა და რომელიც ნელ-ნელა შეიძლება გახდეს ე.წ. დინამიური და უფრო მეტად განვითარებადი. რა შედეგი შეიძლება მიიღოს საქართველომ ან როგორ შეიძლება ჩაერიოს, ნებისმიერი, მათ შორის პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილისთვის, თუკი უკრაინულმა სასამართლომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ეს ქართული მხარის ექსტრადირების პროცესისთვის წერტილის დასმას ნიშნავს,“-აცხადებს ლევან ალაფიშვილი.