24 აპრილი 2024,   16:45
ვრცლად
წინასაარჩევნო შემოწირულობებზე ხელისუფლების კითხვებს ოპოზიცია ბრალდებებით პასუხობს

წინასაარჩევნო შემოწირულობებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ეჭვებსა და შეკითხვებს ურთიერთბრალდებით ოპოზიციიდან პასუხობენ, რომელთა ჯამური წინასაარჩევნო შემოწირულობაც "ქართულ ოცნებას" 20-ჯერ ჩამორჩება.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მმართველი პარტია, რომელმაც საარჩევნო ყულაბაში 7 მილიონ ლარზე მეტი მოაგროვა, ახლა ცდილობს, რომ ბრალდებები და შეკითხვები ხელოვნურად ოპონენტებისკენ გადაამისამართოს.

"ყველა, როგორც ჩანს, საკუთარი გაფუჭებულობის ხარისხით მსჯელობს ამ კამპანიაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ სოზარ სუბარი, რომელიც ჯერ ერთი ოლიგარქის ხარჯზე მტრობდა ქართულ სახელმწიფოს და ახლა ამას მეორე ოლიგარქის ხარჯზე აკეთებს, საკუთარ ვნებებს პროვოცირებს ამაზე. ვერსად ნახავთ თქვენ შავი ფულის ვერცერთ თეთრს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გააჩნია. ჩვენი კამპანია არის ჩვენი ენთუზიაზმი, იდეალიზმი. ამ კამპანიამ ამ ეტაპზე უკრაინაში უკვე გაიმარჯვა და საქართველოშიც აუცილებლად გაიმარჯვებს. მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა აჭრელებულია კალაძის და „ქართული ოცნების“ ფულით და მათ ამ კამპანიის მოგება ნამდვილად ფულით სურთ. ის 7 ნახევარი მილიონი, რომელიც დეკლარირებულია, მხოლოდ წვერია იმ აისბერგის, იმ ფულის, რომელსაც ისინი ხარჯავენ," - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა.

"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ მათი შემომწირველები ძირითადად, პარტიის წევრები და კანდიდატები არიან.

„როდესაც აუდიტის სამსახურში სხვადასხვა ხალხს იბარებენ, არა ერთხელ ყოფილან ჩვენი პარტიის შემომწირველები დაბარებული, თუმცა არანაირი პრობლემა არ აღმოჩენილა, მაგრამ თანხიდან გამომდინარე, აუდიტის სამსახურმა უკეთესი იქნება, გაცილებით მეტი "ოცნების" შემომწირველი დაიბაროს და გაარკვიოს, რეალურად რაში გვაქვს საქმე, ვიდრე ორიენტირებული იყოს ოპოზიციურ პარტიებზე," - განაცხადა გიორგი ტუღუშმა. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები