25 აპრილი 2024,   16:36
ვრცლად
უნდა ვაჩვენოთ მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულება. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ცოტა ხნის წინ პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოსა და ამერიკის ერთობლივი განცხადების შესახებ. ბრიჯიტ ბრინკმა იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს აწუხებთ.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი პოლიტიკურ დონეზე, რომ ვაჩვენოთ ჩვენი ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიცე პრეზიდენტმა პენსმა, რომელიც ივლისის ბოლოს იმყოფებოდა საქართველოში, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შეერთებული შტატების მხარდაჭერას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება,“ - განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ბრიჯით ბრინქმა.

უკრაინაში სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გაძლიერდა. ის იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯები ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებასაც ხელს შეუწყობს. მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების კუთხით, საქართველო უნდა გაძლიერდეს, როგორც სახელმწიფო, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვიდნენ.

„უნდა განახორციელოთ რეფორმები, გაზარდოთ ეკონომიკური განვითარება, გქონდეთ საუკეთესო აეროპორტი, უნივერსიტეტი, ჯანდაცვა. თქვენ უნდა იყოთ მიმზიდველი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის,“ - განაცხადა კურტ ვოლკერმა.

ფორუმის უცხოელი მონაწილეები ასევე ფიქრობენ, რომ საქართველო ევროპამ და ზოგადად, დასავლეთმა უკეთ უნდა გაიცნოს. ასევე, ყველამ უნდა გაიგოს, თუ როგორ აგრძელებს რუსეთი საოკუპაციო ხაზის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოწევას.

დღის ამბები