"ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" შემომწირველებს აუდიტის სამსახური იბარებს. უწყება დღეს 14 პირს გადაეგზავნება.
მაკონტროლებლის ინფორმაციით, შემომწირველთა პარტიებისთვის გადაცემული თანხები მათ დეკლარაციებში ასახულ ფინანსებს აღემატება.
დაბარებულთაგან რვამ, 240 ათასი ლარით „ქართული ოცნება,“ ექვსმა კი „ევროპული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანია 60 ათასი ლარით დააფინანსა.
აუდიტის სამსახურის განმარტებით, შემომწირველების გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკითხი სასამართლოში გადაინაცვლებს.
„ყოველთვიური ხელფასის და შემოსავლის გათვალისწინებით, რაც მათ აქვთ დეკლარირებული, აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზებით, ჩვენი აზრით განხორციელებული შემოწირულობის შეწირვა იყო ძალიან რთული. აქ არიან მოწმედ დაბარებული პირები და მოწმის ვალდებულებაა, რომ მისცენ ჩვენება ადმინისტრაციული საქმის მოკვლევასთან დაკავშირებით, მაგრამ ამავდროულად მიეცემა შესაძლებლობა რომ სასმართლოში წარმოადგინოს ეს ინფორმაცია, თუ ჩვენთან უარს იტყვის გამოცხადებაზე,“-განაცხადა აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა ზურაბ აზნაურაშვილმა.