25 აპრილი 2024,   11:25
ვრცლად
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს გენერალური აუდიტორის კანდიდატურის განხილვა გაიმართება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს გენერალური აუდიტორის კანდიდატურის განხილვა გაიმართება.

ირაკლი მექვაბიშვილი დეპუტატებს საკუთარ ხედვას გააცნობს, რის შემდეგაც საკომიტეტო დონეზე კენჭისყრა გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ უმრავლესობა მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

„ირაკლი მექვაბიშვილი არის მაღალი კვალიფიკაციის ფინანსისტი, ის ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობდა ევრობანკის უფროს ბანკირად. ვფიქრობ, რომ მისი ეს გამოცდილება მნიშვნელოვნად გამოადგება სახელმწიფო აუდიტის შემდგომ ინსტიტუციონალურ განვითარებას,“-განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

გადაწყვეტილების მიღებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ ოპოზიციაში, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თავდაპირველად დასახელებულ გვარებს შორის, მექვაბიშვილი მათთვის ყველაზე მისაღებია.

„იყო რამდენიმე კანდიდატზე საუბარი, ერთმანეთზე უარესი და ჩვენთვის სასიამოვნო მოულოდნელობაა ის ფაქტი, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში მომუშავე სპეციალისტი, ფინანსურ სისტემაში დიდი გამოცდილების მქონე იქნა წარდგენილი მთავრობის მიერ, მაგრამ ჩვენთვის მთავარია იქნება თუ არა ის დამოუკიდებელი,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს“ წევრები.

დღის ამბები