24 სექტემბერი 2017,   19:58
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში შეხვედრებს მართავს. დეპუტატები კონგრესმენებს დინა ტიტუსს, პეტერ როკამს, ადამ კინზინგერსა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს კონგრესმენ ჯერი კონოლის ესაუბრნენ.

მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხები განიხილეს.

ქართულმა მხარემ წამოწია ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციების დაწყების თემაც. თუმცა აქვე დეპუტატები განმარტავენ, რომ ამ მიმართულებით შედეგის მიღწევა ადვილი არ იქნება.

„ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იმ დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის პარალელურად, რომელსაც წლებია ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ახორციელებს, გაძლიერდეს ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი ინვესტიციები,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებსა და შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა.

„ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ მათთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმაზე რაც ხდება ქვეყნის შიგნით. იმ სამწუხარო განვითარებებზე, რაც კონსტიტუციის ირგვლივ ხდება, როდესაც ერთმა პარტიამ ყველასთან შეთანხმების გარეშე მოირგო თავის თავზე კონსტიტუცია,“-აცხადებს სერგი კაპანაძე.

 

დღის ამბები