23 ნოემბერი 2017,   16:45
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების შემოწირულობებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ - კახა კალაძე

აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების შემომწირველებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და მონაცემებს ეხმაურება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი.

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ დაფინანსებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს გამორიცხავს. კალაძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის შემოწირულობები გამჭვირვალეა.  

მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი სამართალდამცავ ორგანოებს ოპოზიციური პარტიების შემოწირულობებით დაინტერესებას ურჩევს. 

„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ დეკლარაციაში მითითებულ თანხებს, შეუძლებელია იმ თანხებით საარჩევნო კამპანიის წარმოება. თქვენ თუ შეხედავთ, შემოწირულობები რომელიც "ქართულ ოცნებას" გააჩნია და რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალეა ყველასთვის, თუმცა თუ შევხედავთ ოპოზიციური პარტიების შემოწირულობებს და მათ საარჩევნო კამპანიას, აშკარად ჩნდება კითხვები და ალბათ შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ,“-განაცხადა კახა კალაძემ.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ქართული ოცნების“  მიერ შემოწირულობით მიღებულმა თანხამ 7 მილიონს გადააჭარბა, რაც ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ თანხებს ათეულობით ათასი ლარით აღემატება.

გარდა ამისა აუდიტის სამსახური „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ შემომწირველებს იბარებს. უწყება დღეს 14 პირს გადაეგზავნება. მაკონტროლებლის ინფორმაციით, შემომწირველთა პარტიებისთვის გადაცემული თანხები მათ დეკლარაციებში ასახულ ფინანსებს აღემატება. აქედან რვამ 240 ათასი ლარით „ქართული ოცნება“, ექვსმა კი „ევროპული საქართველოს“  წინასაარჩევნო კამპანია 60 ათასი ლარით დააფინანსა.

აუდიტის სამსახურის განმარტებით, შემომწირველების გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკითხი სასამართლოში გადაინაცვლებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები