19 აპრილი 2024,   22:13
ვრცლად
ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ფულს სწირავენ მილიონობით ლარს იღებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ოპოზიცია

აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების შემომწირველებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და მონაცემებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები ეხმაურებიან. ოპოზიცია მმართველი პარტიის მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის ნიშნებზე მიუთითებს.

„ყველაზე დიდ თანხას, რომელიც აქვს "ქართულ ოცნებას" წირავს სწორედ ის ბიზნესი,  ის ფირმები, რომლებიც არიან ტენდერებში გამარჯვებულები და აქ ძალიან კარგად ჩანს თუ როგორი სქემებია ზოგადად კორუფციული „ქართული ოცნების“ გარშემო.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ დასრულდეს ეტაპი, როდესაც ბიზნესს იმისთვის, რომ მოიგოს ტენდერი სჭირდებოდეს პარტიაში ფულის შეწირვა საარჩევნოდ,“-აცხადებს ელენე ხოშტარია.

„ქართულ ოცნებასა“ და ბიზნესს შორის კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებენ „ნაციონალურ მოძრაობაში."

„ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ფულს სწირავენ არიან ისინი, ვინც ტენდერების გარეშე მილიონობით ლარს იღებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შემდგომში რიგითი ადამიანების ხარჯზე  შემოწირულობის სახით თითქოსდა სწირავენ „ქართულ ოცნებას“ სინამდვილეში ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეიძლება რომ ამდენი ფული ჰქონდეთ და კარგია, რომ ამაზე კითხვის ნიშნები აუდიტის სამსახურმა დასვა,“-აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პირველი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, "ქართული ოცნების"  შემოწირულობამ 7 მილიონ 343 ათასს მიაღწია.

შემოწირულობის სახით 323 ათას 675 ლარი მიიღო  "ევროპულმა საქართველომ," „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ – 15, 600 ლარი, „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ – 15,300 ლარი, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“- 12,204 ლარი, „ეროვნული ფორუმი“- 9215 ლარი,  "ნაციონალურმა მოძრაობამ” კი  შემოწირულობის სახით,  5,432 ლარი მიიღო.

ამავე თემაზე
დღის ამბები