25 აპრილი 2024,   10:53
ვრცლად
დავით საყვარელიძეს უკრაინელი სამართალდამცველები საზღვრის უკანონოდ - ჯგუფურად გადაკვეთის ორგანიზებას ედავებიან

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, უკრაინის პარტია ”ახალი ძალების მოძრაობის” წევრს, დავით საყვარელიძეს უკრაინის საზღვრის დაცვის და პროკურატურის თანამშრომლები საზღვრის უკანონოდ - ჯგუფურად გადაკვეთის ორგანიზებას ედავებიან. სამართალდამცველებმა მას სპეციალური ოქმი ცოტა ხნის წინ გადასცეს.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლითაა აღძრული: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ჯგუფური არეულობის მოწყობა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ყველა ეს საკითხი, 10 სექტემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გაკვეთას უკავშირდება.

დავით საყვარელიძისთვის ბრალის წარდგენის პროცესში, გამომძიებელთან ერთად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, სავარაუდოდ, პოლიციელები იმყოფებოდნენ, რომლებმაც საყვარელიძის თანაგუნდელებისთვის ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილისთვის გაურკვეველია, რას ედავებიან მას და მის თანაგუნდელებს კონკრეტულად.

„ამ ადამიანებს რაღაც სისულელეებს აბრალებენ, გასაგებია, რომ არანაირი იურიდიული ლოგიკა არ არსებობს. ვერ გვიხსნიან, რომელი საზღვარი გადავკვეთეთ, უკრაინის თუ კოლუმბიის. ვიცი, რომ ამ ყველაფერს გვაჩვენებენ, ბატონო გენერალურო პროკურორო, როგორ ექცევით უკრაინელ პატრიოტებს, რომლებმაც, სხვათაშორის, ციხიდან გამოგიყვანეს, გაგხადეს გენერალური პროკურორი და პოლიტიკოსად გაქციეს. თუ ასეა, სხვა ფორმატში ვიბრძოლოთ და ვიდაოთ, გამოწვევა მიღებულია,“ - აცხადებს დავით საყვარელიძე.

ის დაკითხვაზე, ორშაბათს, დილის 10 საათზე უნდა გამოცხადდეს. 

საყვარელიძისთვის ოქმის წარდგენამდე ცოტა ხნით ადრე, უკრაინის პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი დაკავებული მხარდამჭერის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა, საიდანაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის რამდენიმე ტყვია ამოიღეს. 

დღის ამბები