25 აპრილი 2024,   06:16
ვრცლად
ოთხი წლის წინ გაძარცვული ოჯახი პროკურატურას საქმის მასალების გაყალბებაში ადანაშაულებს

ოთხი წლის წინ გაძარცვული ოჯახი პროკურატურას საქმის მასალების გაყალბებაში ადანაშაულებს. ახალქალაქში მცხოვრები პალანჯინიანები ამბობენ, რომ მათი კუთვნილი ათასობით დოლარის ღირებულების სამკაულისა და ძვირფასი ქვების გამტაცებლების ვინაობა ყველამ იცის, მაგრამ სამართალდამცველები ამ დრომდე არაფერს აკეთებენ.

ოჯახი ირწმუნება, რომ არცერთ ოქმზე და ჩვენებაზე, რომელიც საქმეს თან ერთვის, ხელი მათ არ მოუწერიათ. საქმეში კი, სავარაუდოდ, მათ მიერ ხელმოწერილი ოქმები დევს.

პალანჯინიანები „კურიერს“ უყვებიან, რომ პროკურატურა მათ დაკითხვაზე მუდამ ღამით იბარებდა, გაყალბებულ ოქმებში კი დაკითხვის დროდ, დღის 14:00 საათია მითითებული. ოჯახი საქმის ფალსიფიკაციაში ბრალს ახალქალაქის რაიონულ პროკურორებს, გიორგი ორჯონოკიძეს, იურიკ უნანიანს და ვასილ ოსიძეს სდებს.

პროკურატურამ დაკავებული სამი პირიდან, ორი მალევე საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლა, მესამეს კი ბრალი ქურდობისა და ნაქურდალი ნივთების გასაღებისთვის წარუდგინეს.

პალანჯიანების მსგავსად, ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში ახალქალაქში 20-ზე მეტი ოჯახი გაქურდეს. საქმეების უმრავლესობა ამ დრომდე გაუხსნელია.

საგამოძიებო უწყებაში კი არ პასუხობენ კითხვებს, დაინტერესდება თუ არა უწყება პროკურორების სამსახურეობრივი გადაცდომების ფაქტებით.

დღის ამბები