24 აპრილი 2024,   02:56
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - ალტერნატიული დოკუმენტი უმრავლესობასა და ვენეციის კომისიას გადაეგზავნება

მომავალ კვირას პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ შექმნილი კონსტიტუციის ალტერნატიული დოკუმენტი უმრავლესობასა და ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. დღეს პრეზიდენტის სასახლეში ადმინისტრაციის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კონსტიტუციის ახალ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს.

მხარეები შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო სისტემა, პრეზიდენტის არჩევის წესი, მთავრობის საპარლამენტო ზედამხედველობა, სასამართლო სისტემა და უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები. საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიულ ვერსიაში სწორედ ეს საკითხები შევა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ მმართველი გუნდი მათ პოზიციას არ გაიზიარებს, პოზიციების დასაცავად აქციებსაც გამართავენ. მმართველი პარტიისთვის ბოლო შანსზე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მიუთითებდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, დაადებს თუ არა ვეტოს საკონსტიტუციო ცვლილებებს გიორგი მარგველაშვილი. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ გუნდი გადაწყვეტილებას არ შეცვლის და მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს სექტემბრის ბოლოს დაამტკიცებენ.

კონსტიტუციის არსებული ვარიანტის მიხედვით, მმართველი პარტია საარჩევნო სისტემას 2024 წლიდან ცვლის. ასევე, იცვლება პრეზიდეტის არჩევის წესი და ამომრჩევლის ნაცვლად პრეზიდენტს 300 ხმოსანი აირჩევს. ქვეყნის მთავარ კანონში მთავარი სადაო სწორედ ეს ორი საკითხია.

დღის ამბები