23 აპრილი 2024,   13:36
ვრცლად
„აფბა“ პროკურატურას "იავნანას" საქმიანობით დაინტერესებას ურჩევს - ბურჭულაძე ივანიშვილზე მიუთითებს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მთავარ პროკურატურას ფონდ „იავნანასა“ და ფონდის ყოფილი პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. საგამოძიებო უწყებაში არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება რამდენიმე საათის წინ შევიდა.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" წევრი, ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ ჟურნალისტური გამოძიება იყო მიზეზი, რის გამოც, პროკურატურას ფონდის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.

პოლიტიკური მოძრაობის ”სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე, ნიკა მაჭუტაძე აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური კამპანია ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული.

პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებულ ცილისმწამებლურ კამპანიას ელოდა, თუმცა, მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ფონდსაც გარევდნენ. პაატა ბურჭულაძე მსგავს ქმედებებს მოქმედი ხელისუფლების ინტერესებს უკავშირებს.

„ეს ყველაფერი მიიღეს ბიძინა ივანიშვილისგან. რა თქმა უნდა, ეს იმის დაკვეთა არის, სხვა ვინ გაბედავდა, საერთოდ ამაზე ხმის ამოღებას. ეს იმდენად სუფთა და წმინდა საქმე და კარგი საქმე კეთდება. ერთადერთი ადამიანი, ვისაც აწყობს ეს, სხვას მეტი თავში არავის არ მოუვა, თუ ეგეთ ადამიანს, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინას მე და „იავნანა“ ერთად ვყავართ წარმოდგენილი. ეს „იავნანა“ ნერვებს უშლის,“ - აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

ფონდი „იავნანა“ არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს განცხადებით პასუხობს, სადაც აღნიშნულია, რომ „ციფრებით მანიპულირება“ მიმდინარეობს. ხოლო მათივე ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძეს ფონდთან ურთიერთობა რამდენიმე წელია, პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო აღარ აქვს.

დღის ამბები