20 აპრილი 2024,   00:55
ვრცლად
ხმაური პარლამენტში - კამათი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მოჰყვა

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კამათი უმრავლესობის წევრებს შორის, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას მოჰყვა. უმრავლესობა ბანკის წარმომადგენლის მიერ შეთავაზებულ კონკრეტულ პუნქტებს არ ეთანხმება.

დღეს დეპუტატებს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მთავრობის საპარლამენტო მდივანმა წარუდგინა. სხდომაზე კამათი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების თანამდებობიდან გათავისუფლების წესთან დაკავშირებულ რეგულაციას მოჰყვა.

მმართველ გუნდში თვლიან, რომ ეროვნული ბანკი შემოთავაზებული ცვლილებებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს წევრებისთვის იმუნიტეტს ითხოვს, რაც, მათი აზრით, დაუშვებელია. მათი თქმით, ამ თანამდებობის პირებზე არ არის საჭირო, რომ მსგავსი იმუნიტეტი ვრცელდებოდეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ როგორც სახალხო დამცველს და გენერალურ აუდიტორს იცავს იმუნიტეტი, ისევე, უნდა იცავდეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს.

„როგორც მათ უწერიათ, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს იმუნიტეტთან დაკავშირებული საკითხები თავის სპეციალურ კანონში, ასევე, გაიწეროს ეროვნული ბანკის თავის სპეციალურ კანონში,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მელაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის, დავით ჭიჭინაძისთვის მიუღებელია შემოთავაზებული ვარიანტი.

„რას აპირებთ, ბოლო-ბოლო, იქნებ ეს მაინც გვითხრათ, რა დანაშაულის ჩადენას, რომ წილში მაინც გაგვიყვანეთ და მოგვცემთ ახლა,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მიერ შეთავაზებული ცვლილებებით კი, ყველა ის ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ასოცირებული იქნება რომელიმე კონკრეტულ კომერციულ ბანკთან, მოექცევა ბანკის მსგავსად, ეროვნული ბანკის კონტროლქვეშ.

უმრავლესობის წევრებმა მოითხოვეს, კანონში შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, არაპროფილური საქმიანობა არა მხოლოდ კომერციულ ბანკს, არამედ მის აქციონერებსაც აეკრძალებათ.

დღის ამბები