25 აპრილი 2024,   14:48
ვრცლად
დავით საყვარელიძის მხარდასაჭერად კიევიდან ლვოვში რადას დეპუტატები ჩავიდნენ

დავით საყვარელიძის მხარდასაჭერად კიევიდან ლვოვში რადას დეპუტატების ჯგუფი ჩავიდა. სწორედ მათი მოთხოვნის შემდეგ გადაწყდა პროცესის დღეს და არა ორშაბათს გამართვა, როგორც ამას სასამართლო გეგმავდა. პროკურორის მიერ სხდომაზე დაგვიანების და ორჯერ შესვენების გამოცხადების მიუხედავად, განხილვა დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყო, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება.

რადას დეპუტატების შეფასებით, უკრაინის პროკურატურა სასამართლოზე ზეწოლას ახდენს და დანაშაულს ჩადის. 

„ეს ნიშნავს, რომ მთელი ეს სპეცოპერაცია და უკანონო ქმედებები კოორდინირებულია კიევიდან, გენერალური პროკურატურიდან და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. იქ იწერება სცენარები, ვინ როგორ და როდის უნდა გაასამართლონ. ეს მიუღებელია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გენერალური პროკურატურა სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და კარნახობს როდის რა გადაწყვეტილება მიიღოს,"- განაცხადა უკრაინის რადას წევრმა, იური დერევიანკომ.

დეპუტატები ამბობენ, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამებრძოლების მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

„კანონის დარღვევას საერთოდ არ ჰქონია საზღვარზე ადგილი. იქ დეპუტატებიც ვიმყოფებოდით. იყვნენ უცხოელი ჟურნალისტები, მათ შორის თქვენი ტელეკომპანიაც და ხალხს იძულებით აჩერებდნენ ადგილზე, რომელიც მათივე თქმით, დანაღმული იყო. ასეთ დროს, კანონის თანახმად, თუ ტერიტორია დანაღმულია, უნდა მოხდეს ევაკუაცია და ის სასწრაფოდ უნდა დატოვოს ხალხმა, ასეც მოხდა და მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ტყუილად ედავებიან. ხელისუფლებას თავისივე განცხადებებით აებნა თავგზა. ერთადერთი რამ სურდათ, რომ სააკაშვილი არ მიეშვათ მესაზღვრეებამდე, რადგან პოროშენკოსთვის ძალიან რთული იქნებოდა თავის მართლება ევროპელი პარტნიორების წინაშე, რატომ გათელა ფეხქვეშ საერთაშორისო დოკუმენტები,"- განაცხადა უკრაინის სახალხო დეპუტატმა, დიმიტრი დობროდომოვმა.

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლისთვის უკრაინა-პოლონეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს. ბრალდებაში ლაპარაკია სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის დარღვევაზე და საყვარელიძისთვის ქალაქ ლვოვიდან გასვლის აკრძალვაზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები