23 აპრილი 2024,   11:12
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციურ ძალებთან ერთად კიევში 17 ოქტომბერს ჩავა

„ყველაფერში წააგეს, პროკურატურას შეეშინდა, სასამართლომ ვერ გამოიტანა გადაწყვეტილება,“ - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მის წინააღმდეგ წარმართულ პროცესებს.

48 საათში მიხეილ სააკაშვილი უკრაინული სასამართლოს წინაშე წარდგება. საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია, შედგება თუ არა ჩანიშნული პროცესი. უკრაინის პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მოსამართლეებმა მისი საქმის განხილვისგან თავი შეიკავეს.

„ჩემს შემთხვევაში დაჯარიმების ოქმი აქვს შედგენილი. ოთხივე მოსამართლე ავად გახდა... ოთხი მოსამართლეა, სულ სასამართლოში,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, კიევში უკრაინის ოპოზიციურ პარტიებთან ერთად 17 ოქტომბერს ჩავა.

„ყველა ოპოზიციის ლიდერი შეთანხმდა ახლა, რომ ავიღოთ დრო 17 ოქტომბრამდე. მე ახლა შეიძლება ჩავიდე-ჩამოვიდე კიევში, ჩემი საქმე მაქვს. შევთანხმდით, რომ 17 ოქტომბერს ყველა ერთად გამოვცხადდეთ, ბევრი ხალხით და მოვითხოვოთ ის, რაც არის ლოგიკური,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, 17 ოქტომბრამდე ყველა რეგიონის შემოვლას მოახერხებს. მან აღნიშნა, რომ მის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებენ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივან-ფრანკოვსკის საოლქო საბჭოს მსგავსად, სხვა რეგიონებშიც იგეგმება მიმართვების შემუშავება.  

ივან-ფრანკოვსკის საოლქო საბჭომ პეტრო პოროშენკოსადმი მიმართვაც მიიღო, სადაც საბჭო პეტრო პოროშენკოს მოუწოდებს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა შეწყვიტოს.

დღის ამბები