„მე არ დავდევ პოროშენკოს, ის მდევნის მე"- ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ ჩავიდა ის კიევში მაშინ, როდესაც პეტრო პოროშენკო უკრაინაში არ იმყოფება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს რეზიდენციასთან მხარდამჭერებთან ერთად მივიდა.
„მე აქ არ ვმორიგეობ და არ ვდარაჯობ პოროშენკოს. მე მასთან პირადი კონფლიქტი არ მაქვს, სისულელეა, როდესაც ამბობენ, რომ ეს არის დაპირისპირება ორ განაწყენებულ თანაკურსელს შორის. მე არ ვებრძვი პოროშენკოს, პრობლემა ოლიგარქების სისტემაა, რომლის მონაწილეც არის პრეზიდენტი. ეს სისტემა ანგრევს ქვეყანას და ეს არის პრობლემა. მე არ დავდევ პოროშენკოს, ის მდევნის მე. აგზავნის ხალხს და არკვევს, სად ვარ და რას ვაკეთებ. მე მას ამერიკაში წარმატებას ვუსურვებ. მეც ვიყავი იქ ადგილობრივი არხების ეთერში, ვიცავდი უკრაინას იმ დროს, როდესაც თურმე უკრაინელი აღარ ვიყავი. არ მივცემთ მას ხალხის დამცირების საშუალებას, რადგან ეს სამარცხვინოა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.