19 აპრილი 2024,   16:03
ვრცლად
„სააკაშვილის ისტორიაში სახეზეა ანგარიშსწორების მიზნით ძალოვანი და სახელმწიფო აპარატის გამოყენების მცდელობა"- რადას დეპუტატი

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით კიევში შეფასებები გაკეთდა. სახალხო დეპუტატები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები პოლიტიკურია.

რადაში დაჩქარებული წესით დაიწყო სასამართლო რეფორმის განხილვა. დეპუტატები ვარაუდობენ, რომ ეს არ არის შემთხვევითი და შესაძლოა, კანონმდებლობაში ისეთი მუხლი ჩაიწეროს, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს ჩამორთმეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობა შეეზღუდება.

„თუ ყველაფერი კანონიერად გაკეთდა, როგორც ამტკიცებენ, რატომ არ უსაბუთებენ ადამიანს იმ დარღვევებს, რომლის საფუძველზეც ართმევენ მოქალაქეობას. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია ერთ წინადადებიანი განკარგულება გავასაჩივროთ. მოგვცენ იურიდიულად დასაბუთებული დარღვევების ჩამონათვალი, რომ სარჩელი მოვამზადოთ. ისინი განზრახ აჭიანურებენ დროს, რომ მიხეილ სააკაშვილს გასაჩივრების საშუალება არ მისცენ და პარალელურად, მიიღონ სასამართლო რეფორმა, შეზღუდონ გასაჩივრების ვადები და უთხრან სააკაშვილს, რომ ჩვენს საქმეზე გასაჩივრების ვადა ამოიწურა,“- განაცხადა დეპუტატმა, იური დერევიანკომ.

დეპუტატების აზრით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება ხდება.

„სააკაშვილის ისტორიაში სახეზეა ანგარიშსწორების მიზნით ძალოვანი და სახელმწიფო აპარატის გამოყენების მცდელობა. ხელისუფლებამ სააკაშვილის ძმას უკრაინაში მუშაობის უფლება ჩამოართვა, თავად სააკაშვილს კი პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება მოქალაქეობის ჩამორთმევის გზით წაართვა. ამ განკარგულების გასაჩივრების საშუალებას დღემდე არ აძლევენ. საემიგრაციო სამსახური, უსაფრთხოების სამსახური და მოქალაქეობის საკითხთა კომისია ერთ შეთქმულების მონაწილეები არიან. მიზანი კი ერთია, რომ სააკაშვილი ვერ გახდეს უკრაინელი პოლიტიკოსი და ვერ გაუწიოს კონკურენცია პრეზიდენტ პოროშენკოს. ამით ისინი არღვევენ თითოეული მოქალაქის უფლებას, რადგან არჩევნებზე მათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მიეცემათ,“- განაცხადა დეპუტატმა, სერგეი ლეშენკომ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები