საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო მთავარი თემები გიორგი კვირიკაშვილისა და ფედერიკა მოგერინის შეხვედრაზე.
პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში შეხვდა.
ყურადღება გამახვილდა, იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირში უფრო სწრაფ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარებაც განიხილეს.
„ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები არის უმაღლეს დონეზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. მათ შორის უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატში, საერთო პოზიციების, საერთო პოლიტიკის შემუშავების კუთხით. ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს სამიტი იყოს წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, იყოს წარმატებული აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის და ევროკავშირისთვის,“-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ევროგაერთიანების უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, საქართველო იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მისი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის შეხვედრაზე.