გამანადგურებელმა მიწისძვრამ მექსიკაში 226 ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა ნანგრევებში მოყოლილ ცხედრებს და ცოცხალ ადამიანებს მაშველები კვლავაც ეძებენ. ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე სკოლის ნანგრევებში 22 ბავშვის ცხედარი იპოვეს.
7.1 მაგნიტუდის ბიძგები მეხიკოდან 120 კ.მ.-ის დაშორებით დაფიქსირდა, თუმცა ყველაზე მეტად დაზარალებული მაინც ქვეყნის დედაქალაქი აღმოჩნდა.
დედაქალაქში 44 შენობა დაინგრა. უფრო მეტი დაზიანდა. 2 მილიონამდე ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია. დაზიანებულია გაზგაყვანილობის სისტემა, შედეგად რამდენიმე უბანში ხანძარიც გაჩნდა. მოსახლეობა პანიკამ მოიცვა.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა მოყვა რაიონებშიც, თუმცა ზარალი ჯერ დადგენილი არ არის.
სტიქიის შემდეგ მექსიკის ყველაზე აქტიური ვულკანი ამოქმედდა.