20 აპრილი 2024,   17:07
ვრცლად
"ბოლო შანსი ხელისუფლებისთვის შეინარჩუნოს ღირსება" - ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული შენიშვნებზე საუბრობს 

 „ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო უმრავლესობას, პრეზიდენტის და ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული ცვლილებების გათვალისწინებას ურჩევს."

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ გაგზავნილი შენიშვნები არის კომპრომისული და შეჯერებული როგორც მოსახლეობასთან, ასევე პოლიტიკურ სპექტრთან.

„ერთი რომელიმე იურისტი ვერ მოძებნეს საქართველოში, ამდენი დაქირავებული ექსპერტი ჰყავთ, მთავრობას ვეუბნები, ცოტა მეტი გადაუხადეთ, იქნებ ორიოდე სიტყვა მაინც თქვას კარგი ამ კონსტიტუციაზე. არავინ არ ემხრობა გარდა ერთ პარტიისა. ამიტომ პრეზიდენტის მიერ გაგზავნილი შენიშვნები ეს არის კომპრომისული, შესაძლოა მეტი შენიშვნა  ყოფილიყო, შეჯერებული მთელს ქვეყანასთან, იზიარებს არასამთავრობო სექტორის სულისკვეთებას, ისევე როგორც ვენეციის კომისიის აზრებს. ეს არის ხელისუფლებისთვის ბოლო შანსი შეინარჩუნოს ღირსება და დარჩენილი სამართლებრივი მექანიზმებით, ვეტოს გამოყენების შემთხვევაში შეცვალოს ეს უვარგისი კონსტიტუცია,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები კიდევ ერთხელ საუბრობენ იმ საკითხებზე, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც ცვლილებათა პაკეტი მხარდაჭერას მიიღებს. კერძოდ საუბარია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე, საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევაზე და უშიშროების საბჭოს საკონსტიტუციო ორგანოდ დატოვებაზე. ასევე  მოთხოვნებს შორისაა საპარლამენტო ზედამხედველობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება.  

პარტიის ლიდერები "ქართულ ოცნებას" კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებაში ადანაშაულებენ. 

„ახლა "ქართულ ოცნებას" აქვს არჩევანი ეყოს გონიერება და განაახლოს დიალოგი, ან დარჩეს საკუთარ ახირებულ პოზიციაზე,“-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

დღის ამბები