რუსეთში შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატმა კრემლის აგრესიულ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. ჯონ ჰანტსმანმა სენატის საგარეო საქმეთა საკითხთა კომიტეტში მოსმენაზე ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის გამოწვევებს შორის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რუსეთთან ურთიერთობა დაასახელა.
ამერიკელმა დიპლომატმა მოსკოვის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევებზე ილაპარაკა და მათ შორის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების დემოკრატიულ პროცესებში ჩარევა და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფა დაასახელა.
„არ მაქვს ილუზია რომ, რუსეთში ამერიკის ელჩის პოსტზე მუშაობა მარტივი იქნება. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. როგორც ბირთვულ სახელმწიფოსთან და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრთან, ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი და მოგვიწევს რუსეთთან თანამშრომლობა მთელ რიგ საკითხებში, რომლებიც გლობალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ეხება. მაგრამ აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, რუსეთი ისევ ემუქრება ევროპის სტაბილურობას და განაგრძობს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, არღვევს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს. ამასთანავე ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ხელისუფლება ერეოდა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში და განაგრძობს ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას,“- განაცხადა აშშ-ს ელჩობის კანდიდატმა რუსეთში, ჯონ ჰანტსმანმა.
ჯონ ჰანტსმანის კანდიდატურა რუსეთში ელჩის თანამდებობაზე კონგრესს დონალდ ტრამპმა წარუდგინა. დამტკიცების შემთხვევაში იუტას შტატის ყოფილი გუბერნატორი და ჩინეთში ამერიკის ყოფილი ელჩი ამ თანამდებობაზე ჯონ ტეფტს ჩაანაცვლებს.