20 აპრილი 2024,   10:25
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - პრეზიდენტმა არასამთავრობო სექტორს ოპოზიციასთან ერთად შემუშავებულ დოკუმენტი გააცნო

საკონსტიტუციო ჩიხიდან გამოსავლის ძებნის კიდევ ერთი მცდელობა გიორგი მარგველაშვილის მხრიდან - საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო სექტორს შეხვდა და ოპოზიციასთან ერთობლივი კონსულტაციების შედეგად შემუშავებულ დოკუმენტი გააცნო.

ეს არის ის ძირითადი 5 პუნქტი, რაზეც ოპოზიცია პრეზიდენტთან ერთად ჩამოყალიბდა. ეს არის გადასვლა პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს, მანდატების სამართლიანი განაწილება, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, უშიშროების საბჭოს შენარჩუნება, ბარიერის 3 %-მდე დაწევა, ბლოკების შენარჩუნება, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება და ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება.

„ის კლიშე, რომელიც არსებობდა, რომ თურმე საქართველოში ვერასდროს, განსხვავებული პოლიტიკური ძალები ვერ დასხდებიან ერთ მაგიდასთან და თუ დასხდებიან, ისინი მხოლოდ პროტესტის ფორმით დასხდებიან და ვერავითარ ახალს ვერ შეიმუშავებენ, ეს კლიშეც დანგრეულია, იმიტომ რომ აქ არ იყო მხოლოდ რაღაცის უარყოფა, აქ იყო ერთიან ფორმულირებამდე მისვლა. მე მიხარია, რომ ჩვენ მივედით ამ ერთიან ხედვამდე,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება საბოლოოდ მოხდება.

„იმედს გამოვთქვამ, რომ თანხმობის მოტივაცია გადაძლევს იმ სიხისტეს, რომელიც რატომღაც უკვე მერამდენედ ახასიათებს იმ ძალას, რომელსაც გააჩნია პულტები. მერამდენე, ძალას რომელსაც გააჩნია საკონსტიტუციო მანდატები, მერამდენედ ასეთი ძალა არ უყურებს იმ წინა გამოცდილებას, რომ ხელის გადაგრეხვა და იძულებით რაღაცის  მიღება ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სადავო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტს უკვე მოსმენით აქვს მიღებული, ოპოზიციის მიერ 5 პუნქტად ჩამოყალიბებული მოთხოვნები უკვე გაეგზავნა ვენეციის კომისიასაც და მმართველ გუნდსაც.

დღის ამბები