საქართველო ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას. სპეციალისტების განმარტებით, ქვეყანაში მრავალწლოვანი ხეები ყოველდღიურად ნადგურდება, დაახლოებით 10-15 წელიწადში კი, პროცესი შეუქცევადი გახდება და ტყის საფარი შესაძლოა, თითქმის, მთლიანად განადგურდეს.
კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელში ტყის მასობრივ განადგურებაზე საუბრობენ. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ წელს უკანონოდ 35 700-ზე მეტი ძირი ხე მოიჭრა.
მიუხედავად იმისა, რომ ტყეებს რეინჯერები იცავენ და უკანონო ჭრისთვის ჯარიმებიც სოლიდურია, მოსახლეობის მიერ შეშის მოხმარება დიდია. სახელმწიფო ნებართვას საშუალოდ 600-700 კუბურ მეტრზე გასცემს, მოთხოვნა კი, 3 მილიონი კუბური მეტრია.
კახეთში სოფლების უმრავლესობა გაზიფიცირებულია. ამის მიუხედავად, დიდია შეშაზე მოთხოვნაც. მოსახლეობა, რომელიც მის შეძენას ყოველთვის ვერ ახერხებს, უკანონო ჭრას არ ერიდება. სპეციალისტები ბუნებრივი აირის მაღალ ტარიფზე საუბრობენ.