16 აპრილი 2024,   23:34
ვრცლად
პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სიები წარადგინეს - ცესკო-ში ბოლო ვადა დღეს ამოიწურა

პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო სიების წარსადგენად მიცემული ვადა  რამდენიმე წუთის წინ ამოიწურა. ამ დროისთვის ყველა სუბიექტმა, რომელიც 21 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს, უკვე წარადგინა საარჩევნო სიები.

მმართველი გუნდის საარჩევნო სია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ თალაკვაძემ წარადგინა. პარტიაში აცხადებენ, რომ მათ სიის შერჩევის დროს, პრიორიტეტი ახალ სახეებს მიანიჭეს. ათეულში ძველი სახეებიდან მხოლოდ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილია წარდგენილი.

„ჩვენ გვყავს განახლებული გუნდი, გვყავს ძალიან ძლიერი კანდიდატი და ლიდერი თბილისის მერის არჩევნებში და რაც მთავარია, გვაქვს მკაფიო და პროგრესული პროგრამა,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, 10-კაციანი სიის სათავეში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ნიკა მელიაა.

„ნიკა მელიას ძალიან ბევრი თბილისელის მხარდაჭერა აქვს, ის არის ძალიან მებრძოლი ადამიანი. ასევე არიან ახალი სახეები, რომლებიც გამოირჩევიან თავისი პროფესიონალიზმითა და პრინციპულობით,“ - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ.

 „ევროპულ საქართველოს“ წევრებმა სია არატრადიციული სახით წარადგინა, პარტიაში აცხადებენ, რომ კანდიდატები პირველობას, მათ მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობის მიხედვით მიიღებენ. ერთადერთი ცნობილია, რომ ლიდერი იქნება გოკა გაბაშვილი.

„ევროპული საქართველო არის სწორედ ის გუნდი, რომელიც შეძლებს, რომ გადაჭრას მოქალაქეებისთვის ყველაზე მწვავე პრობლემები, ჩვენ შევძლებთ, რომ სოციალური ტვირთი შევუმსუბუქოთ მათ და გავზარდოთ 50 ლარით პენსია და 70 ლარით სოციალური დახმარება, ჩვენ შევძლებთ, რომ ქალაქში შევქმნათ სამუშაო ადგილები,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ.

„ლეიბორისტულ პარტიაში“ სიის პირველი ნომერი პარტიის იდეოლოგიური მდივანი, პაატა ჩოხელია. პარტიის წარმომადგენლების თქმით, „ლეიბორისტი“ კანდიდატები ღირსეულები არიან და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თეთრი ფურცლიდან შეძლებენ საქმის კეთების დაწყებას.

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სულ 28 პოლიტიკურმა სუბიექტმა გამოთქვა.

დღის ამბები