25 აპრილი 2024,   12:03
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - ვენეციის კომისიის პირველადი დასკვნა დღეს გამოქვეყნდება

ვენეციის კომისიის პირველადი დასკვნა დღეს გამოქვეყნდება. ოპოზიცია ევროპელი ექსპერტების კრიტიკულ შეფასებას ელის. კომისიის დასკვნამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მორიგი შეთავაზება გააკეთა. ირაკლი კობახიძის წინადადება მიუღებელია საპარლამენტო ოპოზიციისთვის.

„ეს არ არის არანაირი კომპრომისი, ეს არის უბრალოდ კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ მმართველ გუნდს აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ დარჩნენ ძალაუფლებაში. არცერთი ოპოზიციური პარტია, არც პრეზიდენტი, არც სამოქალაქო სექტორი, არც ვენეციის კომისია არ მიიღებს ამას, როგორც კონსენსუსს. ეს არის დაცინვა,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა რეალურ კომპრომისზე კვლავ არ მიდის.

„გავიხსენოთ ორი რაღაც, რასაც ითხოვდა ვენეციის კომისია, ეს არის პროცესი ყოფილიყო ჩართული, გამჭვირვალე და გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო კონსენსუსის გზით და მეორე, ის მოუწონებდა სისტემის ცვლილებას 2020 წლისთვის და არა 2024 წლისთვის, ესეც არ მოხდა, შესაბამისად მოლოდინი არის, რომ შეფასება იქნება საკმაოდ კრიტიკული,“-აცხადებს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი.

საუბარია მაჟორიტარული სისტემის 2024 წლამდე შენარჩუნებაზე, „ქართული ოცნება“ მზად არის, 2020-ში ერთჯერადად, მხოლოდ საარჩევნო ბლოკები დაუშვას, 2024-ში კი უარი თქვას ბონუსებზე. ოპოზიციისგან განსხვავებით, ვენეციის კომისიის დადებით დასკვნას ელოდება მმართველი გუნდი.

„ეს კომპრომისები არ აზიანებენ პროცესს, პირიქით, კიდევ უფრო კარგს გახდიან კონსტიტუციას. თავიდანვე ვამბობდით, რომ ვენეციის კომისიის ნებისმიერ იურიდიულ შენიშვნას გავითვალისწინებთ და ასე ვაპირებთ ახლაც. მე ვფიქრობ, რომ დასკვნა იქნება ძალიან პოზიტიური,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.

ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა 7 ოქტომბერს გამოქვეყნდება, საკონსტიტუციო რეფორმის მესამე მოსმენით მიღებას კი, მმართველი გუნდი მანამდე, გეგმავს.

დღის ამბები