საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის მკაცრ და კრიტიკულ დასკვნას ელოდებიან კონსტიტუციონალისტები. ანალიტიკოსთა განცხადებით, ევროპელი ექსპერტების მთავარი შენიშვნა 2020 წლის არჩევნების კვლავ მაჟორიტარული წესით ჩატარების გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა, რასაც ”ქართული ოცნება” ამ დრომდე არ იზიარებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ ცვლილებებსაც.
„საარჩევნო სისტემის გადავადებამ მიგვიყვანა გარკვეულ ჩიხურ ვითარებამდე, შესაბამისად ეს შემოთავაზება, როგორც ჩანს ამ საკითხს არ პასუხობს. ამ ვერსიაზე ვენეციის კომისიას არ უმსჯელია და სრულიად სხვა ტექსტი იყო გაგზავნილი ვენეციის კომისიასთან. საარჩევნო სისტემა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხი, მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნაში,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო პროცესი ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც მმართველმა გუნდმა 2020 წლისთვის მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება გადაწყვიტა. მათი შეფასებით, ხელისუფლების მიერ გუშინ გაკეთებულ განაცხადს რეალურ კომპრომისად არ განიხილავენ.
„იქნება კრიტიკული და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იქნება მკაცრი. ჩანს საერთაშორისო საზოგადოებაშიც და ქვეყანაშიც, რომ ყველა ერთ აზრზეა და მეორე აზრზე ხელისუფლება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა 2020 წელს დარჩება, დიდად ეს ვერაფერს შეცვლის და ხელისუფლებას ექნება შანსი, ისევ მიიღოს იმაზე გაცილებით მეტი ძალაუფლება, ვიდრე ეს მას ეკუთვნის. მე ვფიქრობ, რომ მას არ ექნება ლეგიტიმაცია და ამას არ დაუჭერენ მხარს სხვა პოლიტიკური პარტიები,“ - აცხადებს კოტე ჩოკორაია.