გიორგი მღებრიშვილმა არჩევნების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა. ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს.
ბრძანების შესაბამისად, სამართალდარღვევების პრევენციის, ასევე, მათზე დროული და შესაბამისი რეაგირებისთვის, საქართველოს თითოეულ რეგიონში შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ მოსალოდნელი საფრთხეების გამომწვევი მიზეზების გამოვლენისა და რისკების მუდმივი შეფასებისათვის საპოლიციო ძალების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა დაგეგმვას და მათი ჩატარების ორგანიზებას.
"კენჭისყრის დღეს - 21 ოქტომბერს პასუხისმგებელი ჯგუფები სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ:
საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 59-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ტერიტორიული ჯგუფების მართვაში არსებული საპოლიციო ძალების მეშვეობით, არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელებას, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისათვის.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის შემთხვევაში, საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მეშვეობით, კენჭისყრის შენობაში პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელებას.
ბრძანება, ასევე, ითვალისწინებს პოლიციელთა ვალდებულებას, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, არჩევნების დღეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი,"-ნათქვამია შს მინისტრის ბრძანებაში.
ბრძანება ძალაში დღეს შევიდა.