19 აპრილი 2024,   17:53
ვრცლად
ზაჰესში გზის ჩანგრევა სავარაუდოდ, წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია

ზაჰესში ახალ ხიდამდე მისასვლელი გზის ჩანგრევა პირველადი ინფორმაციით, GWP-ის მაღალწნევიანი მილის დაზიანებამ გამოიწვია. ადგილზე იმყოფება თბილისის მერიის ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. გივი კუბლაშვილის თქმით, ზარალს GWP აანაზღაურებს. 

„ხიდზე არანაირი დაზიანებები არ არის. ეს არის მისასვლელი გზა, სადაც გადის 4 მაღალი წნევის GWP-ის მილები. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მილი არის დაზიანებული. ამან გამოიწვია მიწის გამორეცხვა და გზის ჩავარდნა. სანამ სამუშაოები არ დასრულდება, მერია არანაირ სამუშაოს არ გააკეთებს. ეს არის სრული პასუხისმგებლობა და აიღო კიდეც GWP-მ. დაიწყო კვლევა GWP-მ და დაასრულებს თვითონ სამუშაოებს,“ - განაცხადა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა.

ადგილზე იმყოფება თბილისის გლდანის რაიონის გამგებელიც. 

ზაჰესში ხიდამდე მისასვლელი გზის ჩანგრევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის მერმაც. დავით ნარმანია ამბობს, რომ ზაჰესის ახალ ხიდს არანაირი პრობლემა არ შექმნია, ხოლო გზის ჩანგრევა წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს დაზიანების აღმოფხვრა, რათა აღდგეს მოძრაობა ხიდზე.

მომხდარის გამო, ზაჰესის მოსახლეობის ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდება. 

ზაჰესში ახალი ხიდი აპრილის თვეში აშენდა, ძველი ხიდისთვის კი, თბილისის მერიამ ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი გამოყო, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაკისრებული სამუშაოები არ განახორციელა. ძველი ხიდის რეაბილიტაცია არ განხორციელებულა.

რაც შეეხება ახალ ხიდს, მისი რეაბილიტაციისთვის 4 მილიონი ლარი დაიხარჯა.  

დღის ამბები