25 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
თავდასხმა "ევროპული საქართველოს" წევრებზე - პარტიაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

„როგორც მოსალოდნელი იყო „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება მთლიანად უკვე ძალადობრივ საქმეშია ჩაბმული,“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა მარნეულის რაიონში მისი თანაპარტიელის ცემის ფაქტს. "ევროპული საქართველოს" წევრებზე მომხდარი თავდასხმების გამო, პარტიაში საგანგებო ბრიფინგი გიგი უგულავამ გამართა. 

პარტიის წევრების ინფორმაციით, მარნეულში "ევროპული საქართველოს" საკრებულოს წევრობის კანდიდატს დაკრძალვაზე სცემეს. გიგი უგულავას თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები სოფელ სადახლოში თავს დაესხნენ სადახლოს მაჟორიტარობის კანდიდატს ალი მამედოვს.

უგულავას თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დაკრძალვაზე "ევროპული საქართველოს" წევრების მისვლა გააპროტესტეს.

„ამას მოჰყვა ჩხუბი და ჯგუფურად თავს დაესხნენ ამ ადამიანს, რის შედეგაც, მოხდა ამ ადამიანის ჰოსპიტალიზაცია. პრობლემა უფრო ღრმა არის მარნეულში და მე მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ ეს იცოდეს და რაც არ უნდა ცინიკურად ჩანდეს და ჟღერდეს, გუშინ, მშვიდობის მტრედივით გაკეთებულ შს მინისტრის განკარგულებაში, საპირისპირო სურათი გვაქვს მარნეულში,“ - აცხადებს გიგი უგულავა.

უგულავამ აღნიშნა, რომ აჰმედ იმამკულიევმა არჩევნებში მმართველი გუნდი ორჯერ დაამარცხა. გიგი უგულავას თქმით, „აჰმედის გამარჯვების შიშის გამო, შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატი“.

„როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ აპირებს კვლავ დაშინებით, ცემით, მუქარით, სპეცნაზებით მარნეულში ჩაატაროს არჩევნები,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას ეჭვი ეპარება, რომ გამოძიება სამართლიანად ჩატარდება, თუმცა აცხადებს, რომ გამოძიებას ბოლომდე მიყვებიან.

„აუცილებლად გაიმარჯვებს აჰმედი და „ევროპული საქართველო“ ამ არჩევნებზე მარნეულის რაიონში,“ - აცხადებს გიგი უგულავა.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, აჰმედ იმამკულიევმა მარნეულში მომხდარი ფაქტი გაიხსენა და განაცხადა, რომ პარტიის მაჟორიტარს რამდენიმე დღეა, "ქართული ოცნების" წევრი, ბედიევი ურეკავდა და შეხვედრას სთხოვდა. მისი თქმით, სამძიმარზე მათ მისვლას მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. 

დღის ამბები